ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ღარიბაშვილი: უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის შერჩევას დავიწყებთ

თავდაცვის სამინისტრო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევას სახელმწიფო უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის მხარს უჭერდა ანაკლიის პორტის პროექტს, თუმცა ამის მიუხედავად, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა. 

"ჩვენ, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - თქვა ღარიბაშვილმა. 

ახალი ინვესტორის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო. 

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას. 

სწორედ ამ მიზეზით 2019 წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან ხაზარაძის გადაყენების რეკომენდაცია გასცა. მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აღძრუს საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მთავრობის მიზანი პროექტის გაჩერება იყო. 

კომენტარები