ტაქსების რეგულაცია

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ტაქსების დეფიციტი არაა, ტარიფები არ გაზრდილა

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის შეფასებით, რეგულაციების შემდგომ ტაქსების ტარიფები არ გაზრდილა. მისივე თქმით, თბილისში არც ტაქსების დეფიციტია.

"ბოლოსაც კი გადავამოწმე, 5 წუთის წინ. გამოვდიოდი კონკრეტულ მისამართზე და შევამოწმე რა ტარიფი შეიძლებოდა შემოეთავაზებინა ტაქსის კომპანიას. შემომთავაზა იგივე ტარიფი, რაც იყო მანამდე", - ამბობს მუმლაძე.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებმა ისარგებლეს და მგზავრობის ტარიფები პირველ დღეს ნამდვილად გაზრდილი იყო, თუმცა ახლა დასტაბილურდა.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, თბილისში, როგორც A ისე B კატეგორიის 17 ათასამდე ტაქსია და მათი დეფიციტი ქალაქში "ნამდვილად არ არის".

ცნობისთვის, ტაქსების რეგულაციის ამოქმედების შემდგომ, სულ 26 ათასი ლიცენზია გაიცა, მაგრამ ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, შესაბამისად მათ ჩამოერთვათ მუშაობის უფლებაც, რამაც ქალაქში როგორც ტაქსების დეფიციტი, ასევე ტარიფების საგრძნობლად გაძვირება გამოიწვია.

ამ ეტაპზე, ტაქსების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სახელმწიფოს მხირდან წარდგენილ პირობებს 16,900ია. გამოდის, რომ 9 ათასმდე ადამიანი ამ დროისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა.

ახალი შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, სოციალური ქსელში გახშირდა ტაქსის მომხმარებლების ჩივილები ტაქსის ტარიფების გაძვირების შესახებ. ამ რეფორმის შედეგად ტაქსის გაძვირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს რეფორმის ინიციატორი, თბილისი მერი კახა კალაძე.

დაშვება, რომ კალაძე მართალია და ფასები ტაქსზე არ გაზრდილა საკმაოდ უსაფუძვლოა რაციონალური ეკონომიკური პერსპექტივიდან. საქმე ისაა, რომ მოკლე დროში თბილისში ტაქსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო მოთხოვნა იგივე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები ამ მომსახურებაზე აუცილებლად გაიზრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეგულაციის მეორე ფაზა ამოქმედდა. ახალი რეგულაციით ტაქსები ორ A და B კატეგორიებად იყოფა. 

A კატეგორიის ლიცენზირებულ ტაქსებს გარკვეული პრივილიეგები ენიჭებათ, მათ შორის მგზავრის ქუჩიდან აყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ამისთვის აუცილებელია ავტომობილი თეთრი ფერის იყოს. B კატეგორიის ტაქსებს არ აქვთ ვალდებულება ავტომობილი თეთრი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ქუჩიდან მგზავრის აყვანის შესაძლებლობა არ ექნებათ.

კომენტარები