ტაქსების რეგულირება

"გამიყოლე" - FB-ზე ჯგუფი შეიქმნა, სადაც მძღოლები სხვებს უსასყიდლოდ დამგზავრებას სთავაზობენ

Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი "გამიყოლე", სადაც მძღოლები, ვისაც ავტომანქანაში თავისუფალი ადგილი აქვთ, დამგზავრებას სთავაზობენ უცნობებს მსგავსი მარშრუტით.

ჯგუფში პოსტავენ როგორც მძღოლები, ისე ადამიანები, ვინც გადასაადგილებელ საშუალებას ეძებს. თუ სასურველი მიმართულება და დრო ერთმანეთს დაემთხვევა, მოქალაქეებს სხვები უსასყიდლოდ მიჰყავთ თან.

ჯგუფში, რომელიც 4 ოქტომბერს შეიქმნა, ამჟამად უკვე 1600-ზე მეტი ადამიანია გაწევრებული და მათი რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.

ჯგუფის შექმნა 23 წლის სტუდენტებმა, მარიამ გაფრინდაშვილმა და დავით ასპანიძემ ახალი რეგულაციების შემოღების შედეგად ტაქსებზე ფასების ზრდის შემდეგ გადაწყვიტეს.

"ერთ დღეს გავედი ჩემს შეყვარებულთან სახლში და მის ოჯახის წევრებს ვუყვებოდი, რამდენად მოემატა უცებ ტაქსის ტარიფი ჩემი სახლიდან მის სახლამდე. შემდეგ დაემთხვა ისე, რომ ბევრი პოსტი ვნახეთ აქ, სხვებიც წერდნენ უეცრად მომატებული ფასის შესახებ... ჰოდა, დავითმა უბრალოდ გააჟღერა იდეა, რომ აი, ახლა შეგვიძლია წამოვიწყოთ, ასე ვთქვათ, სოციალური პროექტი და გავაკეთოთ ჯგუფი, რომლის მიზანიც იქნება, რომ ადამიანები დაემგზავრონ ერთმანეთს." - გვიყვება მარიამი.

მისი თქმით, იდეას თავაპირველად უფრო სკეპტიკურად უყურებდა და არ ელოდა, თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. სამომავლოდ კი გეგმავენ, Facebook-ს გასცდნენ და "გამიყოლე"-სთვის აპლიკაცია შექმნან.

"ძალიან ბევრს მოსწონს იდეა, ნამდვილად და გამოხატავს ამას. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ვაკონტროლოთ ჯგუფში მიმდინარე მოვლენები, რათა ან სხვა მიმართულება არ მიეცეს, ან რაიმე გაუგებრობა არ იყოს. არ ვამატებთ ე.წ ფეიქ ექაუნთებს.

ჯერ ცოტა ხანს გვინდა, დავაკვირდეთ და შევხედოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, რა შედეგს მოიტანს თვითონ ეს ჯგუფი და შემდეგ აუცილებლად ვიზრუნებთ აპლიკაციაზეც." - ამბობს ტაბულასთან მარიამი.

ჯგუფზე გადამისამართება შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეგულაციის მეორე ფაზა ამოქმედდა. ახალი რეგულაციით ტაქსები ორ, A და B კატეგორიებად იყოფა. 

A კატეგორიის ლიცენზირებულ ტაქსებს გარკვეული პრივილიეგები ენიჭებათ, მათ შორის მგზავრის ქუჩიდან აყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ამისთვის აუცილებელია ავტომობილი თეთრი ფერის იყოს.

B კატეგორიის ტაქსებს არ აქვთ ვალდებულება ავტომობილი თეთრი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ქუჩიდან მგზავრის აყვანის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ტაქსების რეგულაციის ახალი ეტაპის ამოქმედების შემდეგ, თბილისისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ სულ 26 ათასი ტაქსის ლიცენზია გაიცა, თუმცა ლიცენზირებული ავტომობილების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

ამ დროისთვის, აქტიური ნებართვების რაოდენობა, ანუ იმ ტაქსებისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილ პირობას აკმაყოფილებს და კანონიერად შეუძლია მუშაობა 15,481-ია.

რაც შეეხება ავტომობილის თეთრად გადაღებვის სახელმწიფო ვაუჩერებს, კომპანია ალმას მონაცემებით, ამ დროისთვის ვაუჩერი მხოლოდ 1,825 მოქალაქემ გაანაღდა.

ახალი შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, სოციალური ქსელში გახშირდა ტაქსის მომხმარებლების ჩივილები ტაქსის ტარიფების გაძვირების შესახებ.

ამ რეფორმის შედეგად ტაქსის გაძვირება მართლაც მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს რეფორმის ინიცატორი, თბილისი მერი კახა კალაძე.

 

კომენტარები