რუსეთი - ჩინეთი

რუსეთი და ჩინეთი ინტერნეტში აკრძალულ ინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეთანხმებას ხელს მოაწერენ

Daily Dot

რუსეთის ცენზურის სახელმწიფო ორგანოში თქვეს, რომ რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ინტერნეტსივრცეში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ინტერნეტში არალეგალური შინაარსის ინფორმაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს.

როსკომნადზორის პრესმდივნის ვადიმ ამპელონსკის თქმით, დოკუმენტს საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი ექნება.

სახელმწიფო ცენზურაში განაცხადეს, რომ ეს ორ ძალას შორის კავშირის გაღრმავების მაგალითი იყო.

კრიტიკოსები რუს მაღალჩინოსნებს აკრიტიკებენ, რადგან რუსეთში ჩინური სტილის ინტერნეტ ჩარევის დანერგვას ცდილობენ. ორ მარეგულირებელს შორის ამ სფეროში კოოპერაციამ, შესაძლოა, რუსეთის უკვე შეზღუდული ინტერნეტ სივრცე კიდევ უფრო ჩაკეტილი და კონტროლირებული გახადოს.

მხარეები 20 ოქტომბერს, ჩინეთის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე, ვუჭენის სამიტზე ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. 

თავდაპირველად ივლისში ჩინეთის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის (CAC) დელეგაცია მოსკოვში როსკომნადზორის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ კოოპერაციის საკითხები განიხილეს და მომავალში შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს.

2015 წელს ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომ მხარეები ერთმანეთზე კიბერთავდასხმას არ განახორციელებდნენ. 

ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს რუსეთში ინტერნეტ კონტროლი გამკაცრებულია - ხშირ შემთხვევაში ინჟინერები ზოგ ძიების შედეგებს შლიან, არაერთი ცნობილი რუსული სოციალური ქსელები მომხმარებელზე ინფორმაციას სახელმწიფოს უზიარებენ და ა.შ.

ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმში კი თავისუფალი ინტერნეტი არ არსებობს. ჩინეთში კომუნისტური პარტია სოციალურ მედიაში 2016 წლიდან აქტიურად ახშობს დისიდენტებისა და უმცირესობების ხმას. ჩინეთში ცენზურის გამო ათასობით ვებგვერდი დაბლოკილია, მათ შორის, Facebook, Wikipedia, Twitter, Instagram, Google search და სხვა დიდი დასავლური ვებგვერდები. ჩინეთს საკუთარი ინტერნეტ სივრცე აქვს, რაც ჩინეთის დიდი ცეცხლოვანი კედლის სახელით არის ცნობილი. Facebook-ის, Google-ისა და სხვა ცნობილი ვებ-გვერდების ჩამნაცვლებლად კი საკუთარი ჩინური ვერსიის ვებ-გვერდები არის შექმნილი. ჩინეთის ინტერნეტ კომპანიების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ცენზურამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია.

 

კომენტარები