პრეზიდენტის შეწყალება

თავაძე: შეწყალებაზე მორატორიუმი არ უნდა იყოს გამოცხადებული, ეს პრეზიდენტის ვალდებულებაა

არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს- ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს. 

მდინარაძემ მას ჰკითხა, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიაჩნია შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება. 

თავაძე ამბობს, რომ იმ უფლებამოსილებებზე უარის თქმა, რაც პრეზიდენტს აქვს და რაც კონსტიტუციით გათვალისწინებულია, გამართლებული ვერ იქნებოდა. 

"ეს არის პრეზიდენტის პირდაპირი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება. პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი და ის არის პირი, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული შეწყალების უფლება, როდესაც ეს აქტი განახორციელოს"- თქვა თავაძემ. 

ცნობისთვის, დღეს, 10 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატების კითხვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანების სია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ზურაბიშვილმა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეც შეიწყალა, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები