ჟენევის მოლაპარაკებები

საგარეო: ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთმა კვლავ გამოიჩინა უპასუხისმგებლო მიდგომა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

"საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა"- აცხადებენ საგარეოში.

მათივე თქმით, ყურადღება გამახვილდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. 

საგარეოს ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

მათივე ცნობით, საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვაზე და ასევე, განიხილეს აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში

თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.

"ასევე განიხილეს გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება",- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განიხილეს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი.

საგარეოს ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულებისკენ. 

მათივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებაზე.

"ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები"- წერია საგარეოს განცხადებაში. 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება. 

კომენტარები