10 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის, საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

ხაზარაძე წერს, რომ ეს არის საქმე, რომელსაც საფუძვლად "ყოვლად აბსურდული ბრალდება" დაედო. 

"ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!" - წერს ხაზარაძე. 

ხაზარაძის თქმით, ეს პროცესი არ იქნება მისი და ბადრი ჯაფარიძის, ეს "ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი" იქნება. ხაზარაძე პროცესზე იწვევს საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და მოქალაქეებს. 

"რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები