შალვა თადუმაძე

"თადუმაძეს არასდროს ჰქონია ხელშეკრულება ღია საზოგადოების ფონდთან" - ორგანიზაციის განცხადება

მთავრობის ადმინისტარაცია

ღია საზოგადოების ფონდი ეხმაურება მოქმედი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "საკმაოდ მაღალანაზღაურებადი" იურისტის სტატუსით ჩართული იყო ორგანიზაციის საქმიანობაში. თადუმაძემ ეს განცხადება მისი დიპლომის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ღია საზოგადოების ფონდი აღნიშნავს, რომ შალვა თადუმაძეს ორგანიზაციასთან ხელშეკრულება არასდროს ჰქონია გაფორმებული და შესაბამისად, ვერც დიპლომს წარადგენდა.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან. შესაბამისად, მას არასოდეს მოუწევდა დიპლომის წარმოდგენა ფონდში.

საქართველოში არსებობის 25 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ასობით პროექტიდან, შალვა თადუმაძე შესაძლოა ჩართული ყოფილიყო რომელიმე პროექტის განხორციელებაში. ასეთ  შემთხვევაში ფონდი არასოდეს  ითხოვს პროექტში მონაწილე პირთა დიპლომებს და ენდობა წარმოდგენილ პროფესიულ რეზიუმეს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დღეს, 9 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენისას, შალვა თადუმაძემ მისი დიპლომის შესახებ ლევან კობერიძის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ამ დიპლომის საფუძველზე 4 წლის განმავლობაში "დაკონტრაქტებული" ჰყავდა ღია საზოგადოების ფონდს და მაშინ ეს ადამიანები მისი კვალიფიკაციითა და დიპლომით კმაყოფილები იყვნენ. თადუმაძემ აღნიშნა, რომ "საკმაოდ მაღალანაზღაურებად იურისტად" ითვლებოდა. გარდა ამისა, მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ მასთან იგივე დიპლომის საფუძველზე ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც, კონკრეტული იურიდიული მომსახურების გაწევაზე.

კომენტარები