შალვა თადუმაძე

თადუმაძე სულაშვილზე: გამოსაძიებელია, დანაშაულის ჩამდენისგან მიადგა თუ არა ფიზიკური ზიანი

გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე, ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაკარგა თუ არა თვალი გიორგი სულაშვილმა 20 ივნისს დანაშაულის ჩამდენის, [სავარაუდოდ, სამართალდამცავის] ქმედების გამო.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ოთარ კახიძემ, თადუმაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ ცნო ამ დრომდე პროკურატურამ დაზარალებულად სულაშვილი და დაკარგა თუ არა მან თვალი დანაშაულის შედეგად. შალვა თადუმაძემ კითხვას ასე უპასუხა:

"გამოძიების საგანია, დანაშაული არსებობდა თუ არა და დანაშაულის ჩამდენისგან მიადგა თუ არა ფიზიკური ზიანი. სავარაუდო დაზარალებული არ არსებობს, როგორც კი იქნება შესაბამისი სტანდარტი, ამ ადამიანს მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი."   

პასუხის შემდეგ ოთარ კახიძემ მას ჰკითხა, ვარაუდობს თუ არა, რომ სულაშვილმა რაიმე სხვა მოქმედებებით დაკარგა თვალი და არა პოლიციელის მიერ ძალის გადამეტების გამო. 

"ამ საკითხს იძიებს გამოძიება, ვარაუდებსაც აკეთებს გამომძიებელი და პროკურორი. მე, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ დაზარალებულის სტატუსი ენიჭება პირს მას შემდეგ, რაც არსებობს შესაბამისი სტანდარტი,"-უპასუხა თადუმაძემ მას.

ასევე, თადუმაძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების ნაწილი პროკურატურამ დაზარალებულად იმიტომ არ ცნო, რომ ის პოლიციელები, რომლებმაც მათ ზიანი მიაყენეს, იდენტიფიცირებულები არ არიან.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნეს. მოქალაქეებს შორის არ აღმოჩნდნენ მაკო გომური და გიორგი სულაშვილი. მათ გავრილოვის ღამეს აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგეს.

კომენტარები