მუხროვანის ამბოხი

სესიაშვილი ბოკერიას: მაიძულებთ, გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებში

„მაიძულებთ რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და კონკრეტული ფაქტების შესახებ,“- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას პასუხობს.

ბოკერიამ დღევანდელ სესიაზე მოსამართლეობის კანდიდატებისათვის ირაკლი სესიაშვილის მიერ, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით, დასმულ კითხვებზე ისაუბრა.

„ჩამოდგა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და წაგვიკითხა მოსამართლეს და ჩვენ ყველას მორალი, რომ თურმე ის ხალხი, ვინც პოლიტიკური მოსაზრებებით, როგორც თავად ამბობს, ტანკი დაქოქა და არ დაემორჩილა მთავრობას, არიან გმირები და ეს არ ყოფილა თურმე ამბოხი,“- თქვა ბოკერიამ. მან ასევე განმარტა, რომ დაქოქილი ტანკით პოლიტიკური პროტესტი ამბოხის დეფინიციაა.

„მოსმენა უნდა ისწავლოთ. მე ვთქვი ე.წ. მუხროვანის ამბოხი. მე არ მითქვამს, რომ იქ დაუმორჩილებლობა არ იყო. დიახ, იქ დაუმორჩილებლობა იყო, მაგრამ თქვენ ახლა მაიძულებთ მე, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და კონკრეტული ფაქტების შესახებ. თქვენ ყოველთვის, როცა მმართველობაში იყავით და უსაფრთხოების სისტემაზე ზედამხედველობა გევალებოდათ, თქვენ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ. თქვენ დღეს ამბობთ, რომ არც წამება გახსოვთ, არც ბიზნესის ტერორი, ან სასამართლოზე ზეწოლა. არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, იმიტომ რომ „არ იცოდით“ და რომ არ იცით, მე ამაში უნდა გამეცადინოთ, სამწუხაროდ, მიწევს ამის გაკეთება იძულების წესით“, - თქვა სესიაშვილმა.

23 სექტემბერს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოსმენისას, რომელიც მუხროვანის ამბოხის საქმეს განიხილვადა, ირაკლი სესიაშვილმა ჰკითხა, იყო თუ არა მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. 

"არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი," - უპასუხა მას ალანიამ. 

სესიაშვილის თქმით, "ეს იყო უმძიმესი სავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ღირსეული ოფიცრები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილს წაგებული ომის შემდგომ ყველაფერი გადაებრალებინა  და დაეშოშმინებინა ჩვენი ღირსეული ოფიცრები."

სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მეთაურის ბრძანების დაუმორჩილებლობა, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ამბოხი იყო ერთი ფაქტიც არ არსებობდა.

კომენტარები