მუხროვანის ამბოხი

ღარიბაშვილი: მერაბიშვილი პირდაპირ უკვეთავდა ადამიანების ლიკვიდაციას

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

მე ინფორმაციები მქონდა, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობდა თუ როგორ ავალებდა ვანო მერაბიშვილი პირდაპირ სხვადასხვა ადამიანების ლიკვიდაციას და ეს არის რეალურად დადასტურება და მტკიცებულება, თუ რა ფორმით ავალებდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თავის ხელქვეითებს ორი გვამის ორგანიზებას ანუ ორი ადამიანის ლიკვიდაციას და სანაცვლოდ პირდებოდა მაღალ პრემიას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებული ვიდეოკადრები კომენტირებისას ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"მე მინდა გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ძალიან მალე ფარდა აეხდება და გამოძიებული იქნება ეს კონკრეტული საქმე. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს ამ ვიდეოჩანაწერში. რომ მას სჭირდება ორი გვამი. მის მოწოდებას და დავალებას და დაკვეთას, მე ვიტყოდი უფრო უხეშად, მოჰყვა ერთი ადამიანის ლიკვიდაცია და ორი ადამიანის სასიკვდილოდ დაჭრა, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩნენ. რა თქმა უნდა, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 29 იანვარს Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. 

კომენტარები