ადა მარშანია

"ჩვენც გვიჭირს, პუტინის ხალხი რომ გვიზის უკან" - ბოკერიას პასუხი მარშანიას შეურაცხყოფაზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ადა მარშანია და "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, გიგა ბოკერია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადა მარშანიას გაღიზიანება სხდომაზე გიგა ბოკერიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელიც "მუხროვანის ამბოხზე" საუბრობდა. 

"გული გამისკდა, აღარ შემიძლია, შენ ვინა ხარ, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ," - მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.  

საპასუხოდ, გიგა ბოკერიამ მარშანიას უთხრა, რომ "ჩვენც გვიჭირს, პუტინის ხალხი რომ გვიზის უკან". 

ადა მარშანიამ "ევროპული საქართველოს" წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა.  

"თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ უღალატეთ ქართველ ერს. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია,"-თქვა მარშანიამ.  

დაპირისპირების შემდეგ მარშანიამ სხდომა დატოვა.   

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა.

კომენტარები