ბესელია-კვირიკაშვილის შეხვედრა

ბესელია ხაზარაძეზე: ადამიანი იძულებული გახადეს, პოლიტიკაში წასულიყო

ტაბულა

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, რატომ შეიძლება ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება არ უნდოდეს. 

"მე ვფიქრობ, რომ მისი აქტიურობა საჭიროა და ნამდვილად არ ვმალავ ამას, რომ მე გამიხარდება, თუ ის უფრო აქტიურად იქნება პოლიტიკურ პროცესში, თუმცა საზოგადოებრივად აქტიური თავადაც თქვა, რომ იქნება და არ აპირებს, რომ სადმე გადაიმალოს და ვერც შეძლებს, ისეთი ბუნების ადამიანია,"- ამბობს ბესელია ტვ პირველის ეთერში. 

ბესელიას თქმით, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაც ანალოგიურია და ის იძულებული გახადეს, რომ პოლიტიკაში წასულიყო. 

"თორემ თავისი სურვილით რომ არ შემოვიდოდა, ამაზე თვითონაც [მამუკა ხაზარაძე] საუბრობდა და აბსოლუტურად მესმის. როცა გაქვს საკუთარი საქმე და ხარ წარმატებული, რატომ უნდა გინდოდეს შეხვიდე იმ სივრცეში, სადაც უამრავი უსიამოვნება და ტალახის სროლაა, თუ არ ხარ იმ მენტალიტეტის ადამიანი, როგორიც [ირაკლი] კობახიძის დაჯგუფებაა, რომლებიც საკუთარი კომფორტისთვის ყველაფერს გაწირავენ, მათ შორის ოჯახის წევრებსაც," - ამბობს ბესელია.

გიორგი კვირიკაშვილმა 27 სექტემბერს მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ბევრი რამ ხდება დღეს ისეთი, რაც მას აწუხებს და სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის ღიად დააფიქსირებს საკუთარ აზრს. 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ტელეკომპანიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც პირველმა არხმა ის და ბესელია თბილისის ერთერთ კაფეში შენიშნეს

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის ზაფხულში გადადგა და ამ თანამდებობაზე ის მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა. გადადგომიდან პირველი საჯარო განცხადება მან 21 ივნისს, გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მომხდარი დაგმო და ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდა. 

ბესელიამ კი ქართული ოცნების გუნდი თებერვალში დატოვა. მის მიერ პარტიის ხმაურიან დატოვებას წინ პარტიაში შიდა დაპირისპირება უძღოდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის ირგვლივ ხდებოდა. მოგვიანებით, მმართველი გუნდიდან წასულმა ბესელიამ სხვა წასულ წევრებთან ერთად ახალი პარტიის დაარსება დააანონსა და მედიასთან თქვა, რომ საზოგადოება ამ პარტიაში "ბევრ ნაცნობ სახეს იხილავს". 

კომენტარები