ბესელია-კვირიკაშვილის შეხვედრა

ბესელია და კვირიკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ექსპრემიერი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ბრუნდება

მთავარი არხი

ყოფილი თანაგუნდელები ეკა ბესელია და გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატისა და ყოფილი პრემიერმინისტრის შეხვედრა ტელეკომპანია "მთავარის" კამერამ 27 სექტემბრის საღამოს გადაიღო, როდესაც ბესელია და კვირიკაშვილი თბილისის ერთერთ კაფეში ხვდებოდნენ ერთმანეთს. 

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ძალიან ბევრი რამით არის შეწუხებული, რაც დღეს ხდება. 

"მე მგონი, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, რაზეც შეიძლება, რომ დღეს ისაუბრო. პოლიტიკაში ნამდვილად არ ვბრუნდები და არცერთი პოლიტიკური პოზიციისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება," - ამბობს კვირიკაშვილი. 

ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, მართალია ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასა და თანამდებობისთვის ბრძოლას არ აპირებს, თუმცა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ყოველთვის გამოხატავს თავის პოლიტიკურ პოზიციას. 

"გამოიხატება იმაში, რომ რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება და აი, ეს იყო ყველაფერი, რაც ჩემი პოზიცია გამოვხატე. ასეთი რაღაც შეიძლება, კიდევ მოხდეს მომავალში და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა, ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. ახლა დაშანტაჟებულ კაცს, მგონი, არ ვგავარ, ხო?,"- ამბობს კვირიკაშვილი და ამატებს, რომ ეს ყველაფერი არის "სუსტი ადამიანების მოგონილი მტკნარი სიცრუე". 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის ზაფხულში გადადგა და ამ თანამდებობაზე ის მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა. გადადგომიდან პირველი საჯარო განცხადება მან 21 ივნისს, გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მომხდარი დაგმო და ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდა

ბესელიამ კი ქართული ოცნების გუნდი თებერვალში დატოვა. მის მიერ პარტიის ხმაურიან დატოვებას წინ პარტიაში შიდა დაპირისპირება უძღოდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის ირგვლივ ხდებოდა. მოგვიანებით, მმართველი გუნდიდან წასულმა ბესელიამ სხვა წასულ წევრებთან ერთად ახალი პარტიის დაარსება დააანონსა და მედიასთან თქვა, რომ საზოგადოება ამ პარტიაში "ბევრ ნაცნობ სახეს იხილავს". 

კომენტარები