აშშ

ბაიდენი ტრამპი-ზელენსკის საუბარზე: ტრამპმა პირადი პოლიტიკა წმინდა ფიცზე მაღლა დააყენა

REUTERS

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომელიც სწორედ ბაიდენის შვილს უკავშირდებოდა. 

ბაიდენი Twitter-ზე წერს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დემოკრატიული პარტიიდან სწორედ ის იყოს ტრამპის ოპონენტი 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

"ჩვენმა პრეზიდენტმა პირადი პოლიტიკა წმინდა ფიცზე მაღლა დააყენა. თეთრმა სახლმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და უნდა დააყენოს დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობის საკითხი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარვადგინო, რაც ძალიან დაეხმარება მათ, ვისაც ეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სჭირდება,"- წერს ბაიდენი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე 25 სექტემბერს მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ის ზელენსკის დემოკრატი ჯო ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ტრანსკრიპტიდან არ ჩანს ის, რომ ტრამპი ზელენსკის გარიგებას სთავაზობს, თუმცა, სანამ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს, ეუბნება, რომ აშშ უკრაინას "ძალიან, ძალიან კარგად" ექცეოდა. 

"ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ბაიდენი ტრაბახობდა აქეთ-იქით, რომ მან გამოძიება შეაჩერა, ასე რომ, თუ შეგიძლია, გადახედო... ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს".

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სამშაბათს, 24 სექტემბერს ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოეძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები