ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ბესელია: კადრების გავრცელების საქმეში დები ზარდიაშვილები ფიგურირებენ

ეკა ბესელია
პარლამენტი

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეში დები ზარდიაშვილები ფიგურირებენ, რომლებსაც 16 ადამიანისგან განსხვავებით, ბრალი არ წარუდგინეს. 

იმაზე, რომ საქმეში არსებული პირების გვარი ერთერთი დეპუტატის გვარს ემთხვეოდა, ეკა ბესელიამ თავდაპირველად 14 ივნისს ისაუბრა, თუმცა მაშინ მას გვარი არ დაუსახელებია. 27 სექტემბერს მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში კი მან თქვა, რომ ეს პირები გვარად ზარდიაშვილები არიან. 

"სხვათა შორის, მისი [ვანო ზარდიაშვილი] მოგვარე არის საქმეში. პირდაპირ ზარდიაშვილია ის, ვისაც არ ვასახელებდი აქამდე. დები არიან, რომლებსაც აქვთ ზუსტად იგივე ქმედება. არ აქვთ ბრალი შერაცხული, ზუსტად იგივე ქმედება აქვთ ჩადენილი [რაც სხვებს]" - თქვა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, დები ზარდიაშვილები საქმეში მოწმეებად არიან დაკითხულები და აღიარებენ, რომ მათაც გაავრცელეს, კერძოდ, ერთმანეთს გაუზიარეს კადრები. 

"ამისთვის რამდენიმე ახალგაზრდას ბრალი აქვს წარდგენილი, მათ - არა" - ამბობს ბესელია. 

დეპუტატმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას მის წინააღმდეგ არ აქვს ისეთი ფაქტი, რომლითაც მის გაჩუმებას შეძლებენ და სწორედ ამიტომ "ამ საცოდავ კადრებს ატრიალებენ აქეთ-იქით". მას შემდეგ, რაც გვარამიამ მას დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა, ბესელიამ თქვა, რომ მას ჰგონია, რომ კადრების გავრცელებაში "ზარდიაშვილი თანამონაწილეა" 

---

2019 წლის 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული ის იყო, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველ წყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს, შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები