რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

უგულავა: შეუძლებელია, 10 წლის თავზე შეხვედრას პარტიზანულად და ნახევრად პარტიზანულად ატარებდე

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა პარტიზანულია, რადგან ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო და არანაირი წინასწარი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ არ არსებობდა.

"შეუძლებელია, 10 წლის თავზე შეხვედრას პარტიზანულად და ნახევრად პარტიზანულად ატარებდე, იმიტომ, რომ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა, ყველაფერი იყო გასაიდუმლოებული. ჯერაც კი, ოფიციალური მონაცემები და ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქაც გაუგებრობა, აქაც სუმბური, აქაც კლასიკური ქართული ოცნება. რატომ აკეთებს, რისთვის აკეთებს, მიზეზი რა არის და მიზანი რა არის, არ ვიცით",- თქვა მან.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, შვედეთის საგარეო უწყების ორგანიზებით შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. 

რუსული სააგენტო კომერსანტი წერს, რომ "მოლაპარაკებები გაუმჯობესებული ურთიერთობების ფონზე წარიმართა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ივნისში განსაკუთრებით დაიძაბა".

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები