დაპირისპირება პარლამენტში

ქალთა მოძრაობამ ეკა ბესელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და პარლამენტთან აქცია დაგეგმა

პარლამენტი

ქალთა მოძრაობა ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს და ხვალ, 27 სექტემბერს 10 საათზე პარლამენტთან აქციას გეგმავს.

მათი თქმით, საზოგადოების პროტესტი და განსაკუთრებით პოლიტიკოსი ქალების საჯარო სოლიდარობაა საჭირო, რათა ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა დაიგმოს, ვინც პოლიტიკოსი ქალების შერცხვენასა და შანტაჟს ცდილობს.

"დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში მათი გავრცელება, რომელიც მთავარ ტერორისტული აქტად იქცა დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპონენტი ქალების წინააღდეგ",- წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა.  მოსამართლე მირანდა ერემაძისმოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

"რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი" - დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და "ღირსეული ქცევისკენ" მოუწოდა.

კომენტარები