სექსისტური განცხადება

ზარდიაშვილი ტრაპაიძეს: როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს, მოგეწონათ ბესელიას საქციელი?

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ტვ.პირველის ეთერში ეკა ბესელიასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა, რა დროსაც სექსისტური განცხადებები არაერთხელ გააჟღერა. 

ზარდიაშვილის თქმით, ის მიზანმიმართულად შეეცადა ბესელიას არ აჰყოლოდა, რადგან "ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა ქალთან, სუსტი სქესის წარმომადგენელთან მისი პაექრობა". 

ამის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს, სექსისტური კითხვა დაუსვა. 

"როგორც მანდილოსანს, როგორც ქალბატონს, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს, როგორც ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ეკა ბესელიას საქციელი?"- ჰკითხა ზარდიაშვილმა ტრაპაიძეს, რაზეც ჟურნალისტმა რეპლიკით უპასუხა, რომ ის "სუსტი სქესის წარმომადგენელი არ არის". 

დღეს, 26 სექტემბერს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

კომენტარები