მარიხუანას ლეგალიზაცია

ავსტრალიის დედაქალაქში მარიხუანა ლეგალური გახდა

cheatsheet.com

ავსტრალიის დედაქალაქის საკანონმდებლო ყრილობის მიერ მიღებული კანონით, კანბერაში ლეგალური გახდება გარკვეული რაოდენობის მარიხუანას ფლობა, მოხმარება და კულტივაცია.

კანბერა ქვეყნის პირველი ქალაქი გახდება, სადაც კანაფი პირდაი მოხმარებისთვის ლეგალური იქნება. კანონი ძალაში 2020 წლის 31 იანვრიდან შევა.

18 წელს გადაცილებულ ადგილობრივებს უფლება ექნებათ, ფლობდნენ 50 გრამამდე მარიხუანას. თითო ადამიანს ექნება უფლება მოიყვანოს მაქსიმუმ ორი, ხოლო საოჯახო მეურნეობას ოთხი ძირი კანაფი.

ამჟამად, ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე 50 გრამამდე კანაფის ფლობისთვის 108 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმაა, 50 გრამზე მეტისთვის კი ბრალდებულმა 2 წლით შეიძლება ამოჰყოს თავი ციხეში.

მარიხუანას გამოყენება აკრძალული იქნება ბავშვების სიახლოვეს. ასევე, მოყვანა კანონით მხოლოდ კერძო ნაკვეთებზე იქნება შესაძლებელი.

ამჟამად, კანაფი მხოლოდ ურუგვაისა და კანადაშია ლეგალიზებული, ასევე აშშ-ის ცხრა შტატსა და კოლუმბიის ოლქში, სადაც დედაქალაქი, ვაშინგტონი მდებარეობს. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მსუბუქი ნარკოტიკი დეკრიმინალიზებულია.

 

 

კომენტარები