მარიხუანას ლეგალიზაცია

გირჩის "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ გირჩის მიერ დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყებაში გირჩის გეგმებს ბრიფინგით გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეს არის დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“, - თქვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

შსს-ში ამბობენ, რომ იმ შემთხვევში, თუ „ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.“

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში უნდა გაიმართოს. ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, მისი გაზრდის ან ყიდვის უფლებას გულისხმობს.

„ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ. 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში, 4:20 სთ-ზე შევიკრიბოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა სწორად განვმარტოთ სასამართლოს გადაწყვეტილება კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე. კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის საუკეთესო ტრადიციებით: ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო. მათ, ვისაც სურს ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია გაყიდოს, გთხოვთ, მოგვწეროთ გირჩის ინბოქსში“, - ვკითხულობთ გირჩის ღონისძიების აღწერაში.

კომენტარები