პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ვოლსკი ბესელიაზე: პოლიტიკური უზნეობაა გუნდს დააბრალო ისეთი რამ, რაც მის ხელწერაში არ შედის

გია ვოლსკი
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეკა ბესელიას მისამართით მის მიერ 24 სექტემბერს გაკეთებული განცხადება საწყენი იყო, მაგრამ რეალობაა. საუბარია ვოლსკის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ბესელია სისულელეს ლაპარაკობს და პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის.

"იყო საწყენი მე რაც ვთქვი მის მიმართ, მაგრამ რეალობაა. პოლიტიკური უზნეობაა ის, რომ გუნდს დააბრალო ისეთი რამ, რაც მის არათუ ხელწერაში არ შედის, არამედ, მიაჩნია იმ მიმართულებად, რომელსაც უნდა ებრძოლო. ეს არის ჩანაწერების კეთება და პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ეს არის პოლიტიკური უზნეობა, მე გავიმეორებ", - ამბობს დღეს, 25 სექტემბერს ვოლსკი.

ამასთან, იგი ეხმაურება ამ განცხადებაზე ბესელიას პასუხსაც, სადაც ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა თქვა, რომ ვოლსკი "ისეთი მხდალი კაცია, რომელსაც შეუძლია ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს და პირში ელაქუცოს". ვოლსკის თქმით, მათ გუნდს მლიქვნელობა არ ახასიათებს.​

[მლიქვნელობა] არ ახასიათებს ჩვენს გუნდს. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს ასეთი მლიქვნელური გარემო არასდროს არ ჰქონია და მან [ეკა ბესელიამ] კარგად იცის. 2011 წლიდან მოყოლებული, ვინ, თუ არა ეკამ, იცის, რომ ეს არ არის ჩვენს გუნდში დაფასებული და პირიქით, იწვევს აგრესიას", - ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.

ამის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ ბესელიას განცხადებებს. პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატმა მათ უთხრა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

----

2019 წლის 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული ის იყო, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველ წყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს, შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები