პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ბესელია ცქიტიშვილზე: იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ სისულელეები არ ილაპარაკოს, უხერხულია

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის კომენტარები, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, უხერხული და არაკომპეტენტურია. მისივე თქმით, ცქიტიშვილმა ბესელიას ფარულ კადრებზე კომენტარების გაკეთებას თავი უნდა დაანებოს. 

"იქნებ ვინმემ ურჩიოს ამ დიდმა პიარ სამსახურმა, რომელიც ჰყავს ქართულ ოცნებას, რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, ან სისულელე არ ილაპარაკოს. შეგნებულად ვერიდები, ქალია მაინც და რამე არაკორექტული რომ წამომცდეს, არ მინდა, მაგრამ სიბრიყვეა, უხერხულია, აი ძალიან ცუდად ჩანს. ხან წამების კადრებზე ეცინება და ხან ამ თემით იღლება. ამიტომ ის მაინც იცოდეს, რომ არ არის გახსნილი ეს საქმე. არა ქალბატონო მაია, არა და შედით პრემიერის ოთახში და ჰკითხეთ, გახსენით ეს საქმე თუ არათქო და გეტყვით რომ ვერ გახსნეს, არ გახსნეს. არ ვიცი რომელი დაემართათ. ფაქტია რომ ვერ დაადგინეს თურმე აქამდე, ვინ ჩაიდინა, პირველმა ვინ დაიწყო და რა მოტივი ჰქონდა"- ამბობს ბესელია.  

მისივე თქმით, ფარული კადრების საქმეზე, პასუხისგებაში მისცეს შერჩევით, რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც არ არის არც პირველწყარო და არც მეორე წყარო.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პირადი კადრების გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელია "პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება, თუ რამე სხვა მიზნებიდან გამომდინარე". 

მისივე თქმით, ის დეპუტატ ეკა ბესელიას ბრალდებებს კატეგორიულად ემიჯნება, რომელმაც თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე, მათ შორის უმრავლესობის წევრებზე შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატი ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა. პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატმა მათ უთხრა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

----

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული ის იყო, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველ წყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს, შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები