პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

მათიკაშვილი: ბესელიას მოუცლელობა ბადებს ეჭვს, მისი განცხადება იყო რეალობასთან ახლოს თუ არა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული სამართალდამცავების რეაგირებით, "რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს" მისი ინფორმაცია პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შესახებ.

"საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს მისი ეს ინფორმაცია, თუ კი არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ, როგორც უფლებადამცველი ყოფილი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მერვე მოწვევის პარლამენტში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი იურისტი, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ ამას ნამდვილად აქვს ადგილი", - ამბობს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან პროკურატურაში მიუსვლელობის მიზეზად მოუცლელობის დასახელება გარკვეულ ეჭვს და კითხვის ნიშანს ბადებს.

"მოუცლელობა ალბათ არ არის ადეკვატური და რელევანტური მიზეზი პროკურატურაში არ მისვლის. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრჯერ გადაიტანა მსგავსი ტრავმები, ეს ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებაა და პირიქით, უნდა მყისიერად მოხდეს ამაზე რეაგირება. პირიქით, რა თქმა უნდა ნებისმიერი პირი, ვინც ფლობს ასეთ ინფორმაციას, მით უმეტეს პარლამენტის წევრი, მით უმეტეს ყოფილი უფლებადამცველი უნდა იყოს მოწადინებული სასწრაფოდ გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში და პასუხი გასცეს ამ კითხვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ მოუცლელობა და სხვა მიზეზები თავისთავად ბუნებრივად ბადებს კითხვის ნიშნებს ეს იყო განცხადება საერთოდ ახლოს რეალობასთან თუ არა", - ამბობს დეპუტატი.

გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატი ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ ბესელიას განცხადებებს. პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატმა მათ უთხრა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.

----

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული ის იყო, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველ წყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს, შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები