პრეზიდენტის შეწყალება

გოგი ოთხმეზური შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

Kvira.ge

ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც ის პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე იყო დაბარებული.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

20 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ინფორმაცია ცნობილი 16 სექტემბერს გახდა. 

ასლან ბეჟანიძე 12-წლიანი ძებნის შემდეგ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

კომენტარები