პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ცქიტიშვილი: კატეგორიულად ვემიჯნები ბრალდებებს, რომელიც ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პირადი კადრების გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელია "პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება, თუ რამე სხვა მიზნებიდან გამომდინარე". 

მისივე თქმით, ის დეპუტატ ეკა ბესელიას ბრალდებებს კატეგორიულად ემიჯნება, რომელმაც თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე, მათ შორის უმრავლესობის წევრებზე შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. 

"მე რა თქმა უნდა კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს რომელიც სამწუხაროდ ქალბატონ ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. როდესაც ის მიუთითებს იმაზე, რომ მისის ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა ამ მეთოდებს მიმართავენ"- ამბობს ცქიტიშვილი. 

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს მედიასთან საუბრისას თქვა, რომ "ეკა ბესელიასგან დამღლელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი" და რომ ბესელიას ამაზე პასუხი გაეცა. 

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, 14 ივნისს, თქვა, რომ გაეცნო საქმის მასალებს და მისცა ჩვენებაც, სადაც დაასახელა საეჭვო პირთა წრე. მისი ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ადამიანია და მათგან ერთ-ერთის გვარი მოქმედი დეპუტატის გვარს ემთხვევა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა პირველ დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან და შემთხვევითი დამთხვევები ასეთ საქმეზე არ ხდება. მან ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი 30 ივნისის შემდეგ დააანონსა.

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო".

23 ივლისს შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები