აშშ - საუდის არაბეთი

აშშ საუდის არაბეთის თავდაცვის გასაძლიერებლად ჯარს გააგზავნის

დონალდ ტრამპი
BBC

აშშ საუდის არაბეთში ჯარს გააგზავნის. პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯარი თავდაცვითი იქნება. 

"სამეფოს თხოვნის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო ძალების გაგზავნა დაამტკიცა, რომელიც თავდაცვითი ბუნების იქნება და საჰაერო, სარაკეტო თავდაცვაზე იქნება ფოკუსირებული," - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა.

რაოდენობა უცნობია, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ეს არ იქნება ათასობით. 

პენტაგონში საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარების გეგმებზეც ისაუბრეს.

ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ მისი სამხედრო თავშეკავება "სიძლიერეს" აჩვენებდა, მაშინ, როდესაც მან თეირანს ახალი სანქციები დაუწესა - "ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია არის - კარგი, მიდით, დაარტყით 15 სხვადასხვა მთავარ პუნქტს ირანში. მაგრამ, ამის გაკეთებას არ ვაპირებ".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე, ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის სპონსორი ირანი იყო.

მისივე თქმით, თავდასხმა იემენიდან ვერ წამოვიდოდა და ჰუსიტი ამბოხებულები ირანის ქმედებებს მალავდნენ.

საუდის არაბეთში თავდასხმის დროს გამოყენებული დრონების და რაკეტების ნაწილები აღადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ირანში იყო დამზადებული.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან. ისინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც დაემუქრნენ ​თავდასხმით.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები