შეწყალებების საქმე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყებას მივესალმებით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალებების საქმეზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მიესალმება, ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. 

"ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა," - წერია განცხადებაში. 

ევროპული საქართველოს მიმართვის შემდეგ, პროკურატურამ შეწყალებების საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. 

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება".

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს.

კომენტარები