რთველის სუბსიდირება

სახელმწიფო კომპანია აკურა უხარისხო ყურძენს 2019 წელსაც შეიძენს

ღვინის ეროვნული სააგენტო

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანია აკურა წელსაც შეიძენს გლეხებისგან კერძო კომპანიებისთვის უინტერესო ყურძენს, მათ შორის დაზიანებულ მოსავალსაც. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი. არის მოლოდინი, რომ ჭარბი მიწოდების გამო თეთრი ყურძნის ჯიშებზე წელს ფასები დაბალი იქნება. აქედან გამომდინარე, არის რისკი, რომ მოსავალის ნაწილი დაუბინავებელი დარჩეს.

სწორედ, ამ რისკის დასაზღვევად სახელმწიფო კომპანია აკურას მიეცა უფლება გლეხებისგან პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინოს ყურძენი. კომპანია აკურამ კერძო კომპანიებისთვის უინტერესო ყურძენი 2018 წელსაც იყიდა. მაშინ სახელმწიფო კომპანიამ დაბალი ხარისხის ყურძნის შესაძენად 10 მილიონი ლარი დახარჯა. 

წინა წელს მთავრობის მიერ შესყიდული ყურძნის მოცულობამ, დაახლოებით, 40 ათასი ტონა შეადგინა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, სახელმწიფოს სხვადასხვა სახით, რთველის სუბსიდირება პრაქტიკულად არასდროს შეუწყვეტია.

2017 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალმა 150 ათასი ტონა შეადგინა, სახელმწიფომ სუბსიდია გასცა მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილზე - რაჭაში ალექსანდროეულისა და მუჯურეთულის ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე მევენახეებმა 2 ლარის კომპენსაცია მიიღეს. კახეთის რეგიონში კი სუბსიდია მოქმედებმა მხოლოდ ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის წარმოებისთვის. კონცენტრატის დასამზადებლად ჩაბარებულ ყოველ კილოგრამზე სახელმწიფომ 35 თეთრის სუბსიდა გასცა.

სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წელს ყველა მევეხაემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა.

მთავრობა სხვადასხვა სახით რთველის სუბსიდირებას 10 წელზე მეტია ახდენს.

 

კომენტარები