რთველის სუბსიდირება

მთავრობა 2023 წელს რქაწითელსა და კახურ მწვანეს 20 თეთრით დაასუბსიდირებს

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2023 წლის რთველზე რქაწითელსა და კახური მწვანე ჯიშის ყურძენს დაასუბსიდირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, 2023 წელს ყურძნის ამ ჯიშების 20 თეთრით სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ "პრიორიტეტულ ბაზრებზე" ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით წარმოებული აქტიური კამპანიის შედეგად მიღებული ექსპორტის 30%-იანი ზრდის გათვალისწინებით მიიღო.

"გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება". – თქვა ოთარ შამუგიამ.

იმისთვის, რომ 2022 წელს 1 კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი 90 თეთრი ყოფილიყო, რთველის სუბსიდირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი გამოიყო. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ჩარევის აუცილებლობა პრემიერ-მინისტრმა იმით ახსნა, რომ საქართველო "მეღვინეობის აკვანია" და გადაწყვეტილება მევენახეებისთვის "სწორ დახმარებად" შეაფასა.

კომენტარები