საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის მედია: საუდის არაბეთი საერთაშორისო საზღვაო მისიას უერთდება

Egypt Today

საუდის არაბეთი საერთაშორისო საზღვაო მისიას უერთდება, რათა ჰორმუზის სრუტესა და სხვა ადგილებში გამავალი გემები დაიცვას. 

ინფორმაცია საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წყაროს ციტირებდნენ

"სამეფო საერთაშორისო ალიანსში გაერთიანებით მხარს უჭერს რეგიონალურ და საერთაშორისო ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილოს საზღვაო ნავიგაციასთან და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებული საფრთხეები," - განაცხადეს სახელმწიფო ტელევიზიაში.

საოპერაციო ტერიტორია მოიცავს ჰორმუზის სრუტეს, ბაბ ელ-მანდებს, ომანის ზღვას და სპარსეთის ყურეს.

აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა სურდა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაეცვა.

მისი თქმით მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობდა, რომლებსაც ამის პოლიტიკური ნება ჰქონდათ და გეგმას მხარს უჭერდნენ.

ჰორმუზისა და ბაბ ელ-მანდების სრუტეები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუტქტებია, რომლებიც წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებენ. მხოლოდ ბაბ ელ-მანდების სრუტეში ყოველდღიურად ოთხი მილიონი ბარელი ნავთობი გადის.

5 აგვისტოს გაერთიანებული სამეფო აშშ-ს სპარსეთის ყურის საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიას შეუერთდა, რათა დაიცვას გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.

the New York Times-თან ABC-სთან and Reuters-თან საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ თავდასხმის მასშტაბები ჰუსიტების მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"საუდის არაბეთის ნავთობის მარაგს დაესხნენ თავს. გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე, ბრძოლისათვის მზად ვართ, ველოდებით დადასტურებას. ველოდებით ინფორმაციას სამეფოსაგან, ვინ მიაჩნიათ რომ დგას თავდასხმის უკან და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ!"

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანულმა მხარემაც განაცხადა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებენ და ურანის გამდიდრებას აგრძელებენ.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

რაც შეეხება იემენს, ქვეყანაში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

კომენტარები