ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელების დროს ადგილობრივები გადაწყვეტენ

თბილისის მერია

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა.

კალაძემ აღნიშნა, რომ მერიას სურს პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

"სამუშაოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოები და გაზაფხულზე განვაახლოთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ უმჯობესია, სამუშაოები ზამთარში გაგრძელდეს, რომ გაზაფხულზე ისევ ტალახი და მტვერი არ იყოს", - თქვა კალაძემ.

მანვე ვაკის რაიონის გამგებელს დაავალა მოსახლეობასთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, კალაძის იდეაა გამოკითხვის ჩატარება სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მერიამ დასრულებულად გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მეორე ეტაპი - "პიქსელიდან" რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გაზის მილების რეაბილიტაცია. სამუშაოებს კომპანიები - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "თბილისი ენერჯი" ახორციელებენ.

"იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირი მოძრაობის მხრივ საკმაოდ დატვირთულია და მთლიანად დაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა, ჩვენ გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთად დავყავით. პირველი იყო ვარაზისხევიდან "პიქსელამდე" მონაკვეთი, სადაც ძირითადი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია, ასფალტს ერთი ფენა დაგებულია. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. რეაბილიტაციის შედეგად გვექნება სრულიად განახლებული გამზირი. განახლდება მოძრაობის სქემები. მოეწყობა, ასევე, საავტობუსო ზოლები და ველობილიკები", - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები