ესპანეთი

ესპანეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები ჩატარდება

პედრო სანჩესი
Getty Images

ესპანეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება მოქმედმა პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა. მან ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

"შეუძლებელი იყო იმ მანდატის შესრულება, რომელიც ესპანელმა ხალხმა 28 აპრილს მოგვცა. [მოწინააღმდეგე პარტიებმა] ეს ჩვენთვის შეუძლებელი გახადეს." თქვა სანჩესმა.

მან ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება მთავრობის შექმნისათვის.

დაპირისპირებულ პარტიებთან მოლაპარაკებებს მეფე ფილიპე მეექვსე ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა პრემიერმინისტრის პოსტზე სასურველი კანდიდატის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

არჩევნები 10 ნოემბერს ჩატარდება.

ბოლო არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა პარლამენტში, მათ უმრავლესობა ვერ შექმნეს.

კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მემარცხენე პოდემოსის პარტიასთან, თუმცა უშედეგოდ.

სანჩესს პოტენციური ალიანსი შესთავაზა მემარჯვენე-ცენტრისტულმა მოქალაქეთა პარტიამ (Ciudadanos) თუმცა მათი პირობები მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები