პრეზიდენტის შეწყალება

ომბუდსმენი შეწყალებაზე: პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, რა არგუმენტაციით იხელმძღვანელა

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას. ნინო ლიმჯარია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას.

"შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

ამრიგად, სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით" - აცხადებს ნინო ლომჯარია და იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

2004 წელს მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ კი, 16 სექტემბერს გახდა ცნობილი. ასლან ბეჟანიძე 18 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

კომენტარები