NDI-ის კვლევა

უკმაყოფილო მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს - NDI-ის კვლევის შედეგები მოკლედ

ბოლო 11 წლის განმავლობაში, ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - ამას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს. მოსახლეობის მეხუთედზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების უკმაყოფილების დონე ლარის კურსთან არის კორელაციაში. NDI-ის კვლევის მიხედვით, როცა ლარი უფასურდება, მაშინ, როგორც წესი, იმატებს საზოგადოების უკმაყოფილების დონე ქვეყნის განვითარებით. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები ისევ ეკონომიკას უკავშირდება - სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ინფლაცია და სიღარიბე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს დასაქმებულად არ თვლის, ასევე ნახევარზე მეტს, სესხი აქვს ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში.

მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ უფრო უარესად ცხოვრობს, ვიდრე მათი მშობლების თაობა ცხოვრობდა, ხოლო დიდ ნაწილს, ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირი დანაზოგი არ აქვს.

მოსახლეობის ნახევარს ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადები ვერ დაფარა. ნახევარზე მეტი - მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა. გამოკითხულთა უმეტესობის მთავარი ხარჯი - საკვები, კომუნალური მომსახურება, წამლები და სესხია. 

ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი (84%) ხელისუფლებას, კერძოდ, საქართველოს მთავრობას აკისრებს. მხოლოდ 1 % ფიქრობს, რომ მთავრობა არ არის პასუხისმგებელი.

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს საპენსიო რეფორმაც, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2019 წლის დასაწყისში აამოქმედა. სისტემაში ჩართულ ადამიანთა ნახევარზე მეტს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს. უმეტესობისთვის მისაღებია დაგროვებითი პენსიის მხოლოდ ნებაყოფლობითი მოდელი.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, თუმცა, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია. გასულ წელს მოსახლეობის ნახევარმა მკურნალობა (ექიმთან მისვლა/გამოკვლევა/ოპერაცია) და წამლის ყიდვა უსახსრობის გამო გადადო.  

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. 

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი. კვლევას დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს CRRC საქართველო. 

კომენტარები