მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება

"ჩვენ ვიმკით არჩევნების შედეგებს" - ბოკერია მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალებაზე

გიგა ბოკერია
ტაბულა

"ჩვენ ვიმკით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რაც დადგა არალეგიტიმური მეთოდებით, ძალადობით და მოსყიდვით," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალებას, ეხმაურება.

ბოკერია ამბობს, რომ არაშესაფერისი პირის სათავეში მოსვლის გამო ინსტიტუტების დაზიანებას და უფლებების გადახედვას არ ემხრობა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებების გადახედვის აუცილებლობა შეიძლება დადგეს. 

"მე არ მიყვარს ხოლმე, ცუდი ადამიანი თუ მოხვდება არაშესაფერის თანამდებობაზე, ამის გამო ინსტიტუტების დაზიანება მოხდეს, ანუ წესები შეიცვალოს. ზოგადად ამის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, ზოგჯერ, დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ისტორიებში არის მაგალითები, თუ ძალიან შორს შევიდა ამა თუ იმ ინსტიტუტის სათავეში მდგომი ადამიანის უსაქციელობა და პოლიტიკური ზიანი ქვეყნისთვის, მაშინ იხილება ხოლმე ამ ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვა. მე ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ამის აუცილებლობა დადგეს,"- ამბობს ბოკერია.

მედიის ცნობით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 

ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს, უზენაესი სასამართლოს განაჩენით, განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, "საკნაონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს". 

"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვით, ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის ეს ინიციატივა იმას, რომ შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება შეეზღუდოს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ სეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები