ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამადაშვილი: ჰანისგან სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე საუბარი პირდაპირი მინიშნება იყო

სალომე სამადაშვილი
პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე გაკეთებული აქცენტი ხელისუფლებისადმი პირდაპირი მინიშნებაა. 

"როდესაც მსგავს შეხვედრაზე ისმევა საკითხი და სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას ახსენებენ ხელისუფლებას, ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის ევროკავშირი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული სასამართლო სისტემის რეფორმაში, არ მიიჩნევს დღევანდელ ვითარებას დამაკმაყოფილებლად და მათთვის კარგად არის ცნობილი ის მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხში,"- ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არა მხოლოდ ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებიდანაც აკვირდებიან. 

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს წინსვლა გაგრძელდება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის კუთხით.  

პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე, არა მარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე", - თქვა ჰანმა. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კენჭისყრით პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. რამდენიმე წუთში მეორე კენჭისყრა დაიწყება, სადაც სათითაოდ უყრის კენჭს საბჭო კანდიდატებს. ვისაც საბჭო მხარს დაუჭერს, მათი სია პარლამენტს გაეგზავნება. 

პირველი კენჭისყრის შედეგებით:

11 ხმა მიიღეს - ვაჩაძე მაიამ და მიქაუტაძე გიორგიმ.

10 ხმა - მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე.

9 ხმა - ალანია თამარ, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, ცინცაძე ქეთევან.

8 ხმა - ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, თავაძე ზაზა, ლალი ფაფიაშვილი, ქადაგიძე ნინო, ჯეირანაშვილი გოჩა.

7 ხმა - ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭო სწორედ 20 კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

კომენტარები