ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ანაკლიის პოტენციურ ინვესტორზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

ბია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უარყოფენ მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ ინფრომაციას ამერიკულ კომპანიისთვის უართან დაკავშირებით. გუშინ მთავარ არხზე, გადაცემა მთავარ აქცენტებში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის კონსორციუმში ამერიკული კონტი ჯგუფის შესაძლო შემცვლელზე ასევე, ამერიკულ მერიდიან კაპიტალს, მინისტრმა მაია ცქტიშვილმა ინვესტიციაზე უარი უთხრა.

სამინისტროში ამბობენ, რომ გენერალური ინვესტორის პოზიციაზე, კონტი ჯგუფის ჩანაცვლების კანდიდატად ანაკლიის კონსორციუმმა მერიდიან კაპიტალი წარმოადგინა. სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე, ადასტურებს, რომ შეხვედრა ამერიკული ფონდისა და მინისტრის მონაწილეობით ნამდვილად შედგა, თუმცა სამინისტროს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას 28 დღე აქვს.

"ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება მერიდიან კაპიტალთან დაკავშირებით მიღებული არ არის და მიმდინარეობს წინადადების განხილვა", — განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათ ყავთ ორი ინვესტორი, რომელიც მზადაა პორტის განვითარებაში თანხების ჩასადებად. ხაზარაძის თქმით, ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან შეხვედრამ კატასტროფულად ჩაიარა.

"მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა -"ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა."

კომენტარები