ხაზარაძის და ივანიშვილის შეხვედრა

თალაკვაძე ხაზარაძეზე: რატომ მიიღო მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს?

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამბავი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ, კითხვის ნიშნებს იწვევს.

"ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ არ მოხდა ამ ამბების გახმოვანება მაშინ როდესაც ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი. რატომ მიიღო მან მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს,"-თქვა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ამბავი, რომელიც ხაზარაძემ ტვ. პირველის ეთერში გაიხსენა, "ამბავია, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადაო საკითხები განიხილეს". 

"მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, მაგრამ რასაც ის საუბრობს, არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადაო საკითხები განიხილეს. საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს,"-თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ცნობისთვის, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მისი, ბიძინა ივანიშვილის და და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალები 12 სექტემბრის "რეაქციაში" გაიხსენა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაცვ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილი საქმეს არჩევდა. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილს უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, - "ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე," - თქვა ივანიშვილმა ერთერთ ინტერვიუში, სადაც ჩხარტიშვილისა და თიბისის დავის შესახებ საუბრობდა. 

ამავე ინტერვიუში საუბრობს ივანიშვილი იმის შესახებაც, რომ მას მამუკა ხაზარაძეს "ნორმალური მადლობაც არ უთქვამს."

"გარწმუნებთ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ. აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს... 30 მილიონი და სასამართლო ეხლა, ძალიან რთული სისტემაა, არ იფიქროთ და არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ როგორც ხატავენ, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადააადგილებს, არა, მე რაც მოვახერხე, ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე," - ჰყვება ივანიშვილი 2018 წლის 26 ოქტომბერს, ტელევიზიებთან შეხვედრისას.

კომენტარები