"ივანიშვილი საქმეს არჩევდა" - თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მისი, ბიძინა ივანიშვილის და და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალებს ისხენებს და ამბობს, რომ ამ შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილს უნდოდა ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა. ხაზარაძემ ამის შესახებ ტვ პირველი ეთერში გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.
"არსებობს ასეთი პერსონა, ვანო ჩხარტიშვილი, მიჭირს ბიზნესმენი დავუძახო. მთავრობის ცვლილების მერე, მან ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე და დაიწყო სამართლებრივი დავა. ვანო ჩხარტიშვილი თიბისი ბანკს სთხოვდა 30 მილიონ ლარს. ჩვენი იურისტები ჩაერთნენ ამაში და აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიური საქმეები მას აღძრული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიის მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან. ეს სია შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ყველა ეს საქმე, რა თქმა უნდა, მისი მოგებით ცხვებოდა, როგორც იმერული ხაჭაპური. ჩვენ მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც, რუსულად ამას ჰქვია "ნაეზდი", ეს არის ცნობილი სიტყვა, როცა პოლიტიკური, პროკურატურის და სასამართლოს გაერთიანება ხდება ფულის ამოღების მიზნით," - ამბობს ხაზარაძე.
როგორც ხაზარაძე ჰყვება, ამ საქმით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდნენ, თუმცა ივანიშვილის პირადი დარეკვისა და თხოვნის შემდეგ, სარჩელი უკან გამოიტანეს. "ჩემთვის ძალიან რთული იყო ჩემს უცხოელ პარტნიორებთან დარეკვა და იმის თქმა, რომ ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი გავუშვათ ხელიდან და სარჩელი გამოვიტანოთ. მე დავარწმუნე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და გამოვიტანეთ," - ყვება მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება შეხვედრას, როგორც თავად ამბობს, მისთვის გასაკვირი იყო, რომ ამ შეხვედრას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძის თქმით, შეხვედრა იყო სასამართლო, სადაც ყველა სასამართლოს თავმჯდომარე თავად ივანიშვილი იყო.
"თბილისში გავიზარდე, უბანში გავიზარდე, ბავშვობაში გვიჩხუბია, უფროსს დაუძახია და შეურიგებია, მაგრამ მილიციელი არ მოუყვანია შეხვედრაზე. მე პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი, შოთაძეც იყო იქ, რომელიც მთელი შეხევდრის განმავლობაში ჩუმად იყო და ეს დისკუსია რომ წავიდა და ვითხოვდით, გაგვარკვიეთ, რასთან გვაქვს საქმე, დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ ჩაიჩურჩულა, მაინც გაბედა და თქვა, რომ ის ვერ ხედავდა ამ საქმეში "რაიმე ისეთს", რაზედაც ვიყავით შეკრებილები," - ამბობს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის თქმითვე, ივანიშვილი იმ შეხვედრაზე რეალურად ვანო ჩხარტიშვილისათვის ფულის გადახდას ითხოვდა და ეს შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგა.
"მე შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევ საქმეს. საქმეს არჩევ, მაშინ პროკურორი რაში გჭირდება? პროკურატურაშიც ვიყავით და სასამართლოშიც ვიყავით. თუ მეუბნები, საქმე გამოიტანე სასამართლოდან, მაშინ პროკურორს რატომ მახვედრებ? ივანიშვილმა თქვა, მადლობაც არ გადამიხადაო. აქ მადლობაზე არ არის საუბარი, ალბათ ლაპარაკია იმაზე, რაღაც მაინც რატომ არ გადავიხადეთ. ალბათ, ეს იგულისხმება. ალბათ ჩხარტიშვილისთვის უნდა გადამეხადა, რომელსაც ეს ყველაფერი ჰქონდა დალაგებული იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, როგორი ალგორითმით უნდა დალააგო, რომ ერთ მოსამართლესთან სერიულად, რამდენიმე თვის განმავლობაში მიხვიდე და უზარმაზარ კომპანიებთან საქმეები მოიგო. და მერე ვითომ გამოჩნდება ანგელოზი (ივანიშვილი), რომელიც ვითომ ამ საქმეებს მოაგვარებს... რეალურად ივანიშვილი ითხოვდა ფულის გადახდას ჩხარტიშვილისთვის. როცა ჩხარტიშვილს ვკითხე, რაზე დავობ და 30 რა ციფრია-თქო და რამე ხომ უნდა იყოსო," - ამბობს ხაზარაძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, - "ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე," - თქვა ივანიშვილმა ერთერთ ინტერვიუში, სადაც ჩხარტიშვილისა და თიბისის დავის შესახებ საუბრობდა.
ამავე ინტერვიუში საუბრობს ივანიშვილი იმის შესახებაც, რომ მას მამუკა ხაზარაძეს "ნორმალური მადლობაც არ უთქვამს."
"გარწმუნებთ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ. აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს... 30 მილიონი და სასამართლო ეხლა, ძალიან რთული სისტემაა, არ იფიქროთ და არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ როგორც ხატავენ, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადააადგილებს, არა, მე რაც მოვახერხე, ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე," - ყვება ივანიშვილი 2018 წლის 26 ოქტომბერს, ტელევიზიებთან შეხვედრისას.”