საქართველო - აშშ

ერთერთი პირველი ქართველი ქალი ქეთა ოთარაშვილი აშშ-ის არმიაში იმსახურებს

ქეთა ოთარშვილი (ცენტრში).
VOA

ამერიკის ხმის ინფორმაციით, ერთერთი პირველი ქართველი ქალი ქეთა ოთარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში იმსახურებს.

16 სექტემბრიდან მას სავალდებულო იზოლაციის პუნქტში გადაიყვანენ, სადაც ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე, თან არც ტელეფონი და არც სხვა რაიმე საკომუნიკაციო საშუალება ექნება. 

"ეს ურთულესი პერიოდია, ფიზიკურადაც და განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად მოითხოვს უდიდეს გამძლეობას," - აღნიშნა ახალწვეულმა ქეთა ოთარაშვილმა.

ქეთა ოთარაშვილი 27 წლისაა და აშშ-ში საცხოვრებლად ორი წლის წინ ჩავიდა. იგი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტიც არის - "უბრალოდ გადავწყვიტე ერთ დღეს, რომ წამოვსულიყავი. მარტო ჩამოვედი, ოჯახის, მეგობრების და ახლობლების გარეშე, არავინ არ მყავდა ამერიკაში". მან თავადვე დამოუკიდებლად მიიღო ამერიკის არმიაში სამსახურის გადაწყვეტილებაც.

არმიაში მოსახვედრად მან ინგლისური ენის და სხვადასხვა საგნის გამოცდა ჩააბარა - "10 სხვადასხვა საგანი ბარდება, მაგრამ ერთიანი ტესტია. აქ შედის მექანიკა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ასე შემდეგ. გამსვლელია 31 ქულა, მაგრამ შენს ინტერესშია, რომ მაღალი ქულა მიიღო, რადგან ამაზეა შემდეგ დამოკიდებული, თუ რა სამსახურში მოხვდები შემდეგი 3 წლის მანძილზე".

ქეთა ოთარაშვილმა ფიზიკური მომზადებაც ჩააბარა. ის ფიზიკურად სულ კარგ ფორმაში იყო, რადგან ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. დადიოდა კარატეზე, კრივზე.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ქეთას სპეციალისტის რანგი E-4 მისცეს. სულ 9 რანგია.

ქეთა ოთარაშვილის თქმით, აშშ-ის არმიაში 150-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ტიპის სამსახურია. თავდაპირველად, ის ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალისტი იქნება.

კარანტინის გავლის შემდეგ, ქეთა განაწილებით ახალ სამსახურში უნდა გადავიდეს. ათი კვირის შემდეგ ფიცს საზეიმოდ დადებს და შემდეგ ახალ ლოკაციაზე გადავა, სადაც სამი წელი იმსახურებს.

ქეთა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს - "ამისთვის მზად ვარ, რადგან ამასობაში ამერიკა უკვე ჩემი მეორე სამშობლო გახდა".

გამოცდის შემდეგ ოთარაშვილს რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაუკავშირდა, ვინც ამერიკის არმიაში მსახურობს - "ძალიან გვერდში მიდგანან ეს ბიჭები...დიდი სტიმული მომცეს. ძალიან მაგარ რამეს აკეთებ და უკან არ დაიხიო ერთი წამითო. სულ მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც ამერიკულ არმიაში ვიმსახურებ. და ეს ძალიან, ძალიან დიდ ძალას მაძლევს".

კომენტარები