NATO-საქართველო

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: არ მენდომებოდა, ვინმეს ეთქვა, შოტლანდია დათმეო

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ლეიბორისტი წევრი მედელინ მუნი გამოეხმაურა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, შეუერთდეს საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსს ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მუნის განცხადებით, ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია და არა NATO-სი. მან თავისი მშობლიური ქვეყანაც მოიყვანა მაგალითად. მისი თქმით, არ ესიამოვნებოდა, ვინმეს ეთქვა მისთვის, რომ შოტლანდიის დათმობა ურიგო არ იქნებოდა.

"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია მუდამ ნათელი იყო - ჩვენ ვცნობთ იმ ზიანს, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მიადგა და მხარს ვუჭერთ თქვენს სურვილს, იყოთ ერთი ქვეყანა. თქვენ ახლა წინადადებაზე საუბრობდით [საუბარია რასმუსენის მიერ გაჟღერებულ იდეაზე]. ეს არაა ისეთი წინადადადება, რაზეც NATO-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

არ მენდომებოდა, ვინმე ჩამოსულიყო ჩემს ქვეყანაში და ეთქვა: "დათმეთ შოტლანდია, ბრექსიტი კარგად ჩაივლის, მოიშორეთ შოტლანდიელები". ვერ იქნებოდა გამოსადეგი. ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია. მე თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი რამის თქმა მსურს - გააგრძელეთ მოძრაობა იქამდე, რომ დააკმაყოფილოთ NATO-ს წევრობის ყველა სტანდარტი და ვალდებულება." - აცხადებს მედელინ მუნი.

საჯარო დისკუსიები საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ოსეთზე გაუვრცელებლად გაწევრებაზე ანდერს ფოგ რასმუსენის 10 სექტემბრის გამოსვლას მოჰყვა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, ამ გზით საქართველო შეძლებდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაკავებელი აღარ ყოფილიყო.

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

"რა თქმა უნდა, ამის განხილვა საკამათოა საქართველოშიც და NATO-შიც. მაგრამ მგონია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რადგანაც თუ ასე არ ვიზამთ, პრეზიდენტ პუტინს დე-ფაქტო ვეტოს უფლებას გადავცემთ, რომელიც მუდამ შეძლებს საქართველოს, უკრაინისა და სხვა მეზობელი ქვეყნების NATO-ში გაწევრება აღკვეთოს კონფლიქტების გამწვავებითა და შენარჩუნებით," - თქვა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

 

 

კომენტარები