ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Fraser Institute: ეკონომიკური თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

კანადური ანალიტიკური ცენტრი Fraser Institute აქვეყნებს მსოლფიოს ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-12 ადგილს იკავებს. ჯამურ შეფასებაში საქართველომ 10-დან 7.94 ქულა დაიმსახურა.

2019 წლის ინდექსში მოცემულია ქვეყნების მდგომარეობა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით 2017 წლისთვის.

2018 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-7 ადგილს იკავებდა, თუმცა წელს მეთოდოლოგია შეიცვალა. კვლევა შარშანაც განახლებული მეთოდოლოგიით რომ ჩატარებულიყო, საქართველო არა მე-7, არამედ მე-13 ადგილს დაიკავებდა. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველომ პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა.

წინა წლის ინდექსთან შედარებით, ოდნავაა გაუარესებული საქართველოს ქულა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სწორედ სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლების კუთხით აქვს. 10-დან 6.34 ქულით ქვეყანა 36-ე ადგილზეა.

ყველაზე დაბალ პოზიციას კი საქართველო იკავებს ფულის სიჯანსაღის კრიტერიუმში. ეს კომპონენტი ასახავს, რამდენად მოწყვლადია ქვეყანაში ფული გაუფასურების მიმართ.

ყველაზე მაღალ პოზიციას საქართველო იკავებს საერთაშორისო ვაჭრობისადმი თავისუფლების კომპონენტში. ამ კუთხით, საქართველო მესამე ადგილზეა.

ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მოწინავე პოზიციებზე ჰონჰ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და აშშ არიან.

ბოლო ხუთეული ასე გამოიყურება: ანგოლა, ალჟირი, სუდანი, ლიბია, ვენესეულა.

რეგიონის სხვა ქვეყნების პოზიციები ასეთია:

სომხეთი - 27-ე ადგილი

აზერბაიჯანი - 116-ე ადგილი

თურქეთი - 95-ე ადგილი

რუსეთის ფედერაცია - 85-ე ადგილი

 

კომენტარები