ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Fraser Institute: საქართველოში კანონის უზენაესობის მხრივ ვითარება გაუარესდა

flickr.com

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მსოფლიოს 162 ქვეყანა სხვადასახვა კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული, მათ შორისაა - მთავრობის ზომა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, საკუთრების უფლება და სასამართლო სისტემა, ასევე რეგულაციების ტვირთი და საგარეო ვაჭრობის სიმარტივე. მთლიან ინდექსში საქართველომ პოზიცია ორი ადგილით გაიუმჯობესა და მეცხრედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. წინსვლა სტაბილურ მონეტარულ პოლიტიკას და შრომის ბაზრის რეგულაციების გაუმჯობესებას უკავშირდება. თუმცა, კრიტერიუმების უმეტესობაში - საქართველოს პოზიცია გაუარესდა, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარდნა კანონის უზენაესობის კრიტერიუმში.

2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ფრეიზერის ინსტიტუტმა საქართველოს სასამართლო სისტემა და საკუთრების უფლების დაცულობა 10-დან 6.57 ქულით შეაფასა. ახლა გამოქვეყნებულ ინდექსში ეს მაჩვენებელი 6.31-მდე შემცირდა. ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით ვარდნა ასე გამოიყურება:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - 2017 წელს 5.05 ქულა, 2018 წელს 4.28 ქულა;
  • მოსამართლეთა მიუკერძოებლობა - 2017 წელს 4.74 ქულა; 2018 წელს 4.03 ქულა;
  • საკუთრების უფლებების დაცულობა - 2017 წელს 6.29 ქულა; 2018 წელს 6.13 ქულა;
  • ნდობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ - 2017 წელს 7.19 ქულა; 2018 წელს 6.97 ქულა;
  • კრიმონოგენული ვითარება - 2017 წელს 7.49 ქულა; 2018 წელს 7.03 ქულა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფრეიზერის ინსტიტუტმა საქართველოს სასამართლო სისტემის გაუარესება შეამჩნია.  2017 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელიც 2015 წელს ასახავდა საქართველოს სასამართლო სისტემა შეფასებული იყო 6.57 ქულით, რაც წინა წელთან შედარებით 0.05 ქულით ნაკლები იყო.

კომენტარები