საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.

უწყების ცნობით, 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

ადმინისტრაციის ცნობითვე, კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია სულავას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, 10 სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. 

"საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში"- აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

"საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება მოხდება 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, (ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე"- წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები