ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

უწყებაში ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათივე ინფორმაციით, პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.

"კომპანია „ჯეო გრუპს“ ვალდებულება აქვს აღებული, რომ 16 სექტემბრისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებმა შეძლონ გადაადგილება. ასევე, ყველა ქუჩაზე, რომელიც ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს, ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მოძრაობის სქემების შესახებ კი ეცნობება მოსახლეობას.

ჩვენ ვაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს. კერძოდ, კომპანია GWP მიწისქვეშა სამუშაოებს უკვე ახორციელებს, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა. მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. პროექტმა ათეულ წლებს უნდა გაუძლოს", - თქვა კახა კალაძემ, რომელიც დღეს ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა.

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება ჭავჭავაძის გამზირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირება.

"გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები", - აღნიშნავენ მერიაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "ჯეუ გრუპი" აწარმოებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები