თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

კრამერი: არ ვიცოდი, ვინ იყო ინაშვილი, მისი თანმხლები კაცი განსაკუთრებით უხეში იყო

დათო ფარულავა

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის თქმით, მან არ იცოდა, ვინ იყო ირმა ინაშვილი. 

კრამერმა ტაბულას უთხრა, რომ ირმა ინაშვილის შეჭრის დროს მისი მიზანი მხოლოდ კონფერენციის განახლება იყო. 

"ყველაფერი ძალიან მარტივია, მე არ ვიცოდი, ვინ იყვენ ეს ადამიანები. მე ვნახე ვიღაც მიკროფონით, რომელიც უხეშად შემოიჭრა კონფერენციაზე. შემდეგ ის ქალი შემოვიდა, არც მის შესახებ ვიცოდი, ვინ იყო. ყველა კამერა მასზე იყო კონცენტრირებული. მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია უნდა განემუხტა, სხვანაირად კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა. ჩემი ინტერესი კონფერენციის განახლება იყო. მას შეუძლია, აქ იყოს. არ ვიცოდი, ვინ იყო, შეუძლია დარჩეს. კაცი მიკროფონით განსაკუთრებით უხეში და ნაგავი იყო". 

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. 

ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. 

"მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, მომესმინა ჯერ და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენებაც გამეკეთებინა. ხომ არ შეიძლება, მარტო შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე. მე მაქვს სათქმელი, რომ ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ეს მაქვს სათქმელი", - თქვა მან. 

ირმა ინაშვილთან ერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართება, იმყოფება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. 

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები