NATO-საქართველო

ვოლსკი რასმუსენზე: ტერიტორიებზე უარს ვერ ვიტყვით, ეს ისტორიის, სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნებისმიერ ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ასე ეხმაურება გიორგი ვოლსკი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

"იცით, სადაო თემაა. არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, დამატებით კომენტარებს და განმარტებებს საჭიროებს. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგნენ. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს", - ამბობს ვოლსკი, ინტერპრესნიუსის ცნობით.

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კომენტარები