ირაკლი ღარიბაშვილი

თალაკვაძე: პროდასავლურობა პირადი არჩევანი არაა, ცალკეულ მინისტრს არ ძალუძს მისი შეცვლა

ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის ერთგული; პროდასავლური არჩევანის შეცვლა არცერთ ცალკეულ მინისტრს არ ძალუძს - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.

არჩილ თალაკვაძეს ბრაიან ვიტმორმა (ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი) ჰკითხა, რამდენად გამართლებულია წუხილები, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი, შესაძლოა, მის წინამორბედებზე ნაკლებად ერთგული იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

"ბატონი ღარიბაშვილი, როგორც მინისტრი, როგორც პრემიერმინისტრი, ყოველთვის იყო საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ერთგული. ის მუდამ იყო იმ პროცესის ნაწილი, რომელიც წეღან აღვწერე [დასავლეთთან ინტეგრაციის] და ბოლოს მინდა გითხრათ, პროდასავლურობა, დასავლური ოჯახის ნაწილად ყოფნა, არ არის პირადი არჩევანი. არცერთი მინისტრს არ შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა. ეს ქართველი ხალხის მტკიცე სურვილია და ეს არის მთლიანად ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილება. ასე რომ, ნუ საუბრობთ ამაზე, როგორც პირად საკითხზე, არცერთ ცალკეულ მინისტრს არ ძალუძს ამ გადაწყვეტილების შეცვლა", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მთავრობის ახალ შემადგენლობას, სადაც ყოფილი პრემირი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს, საქართველოს პარლამენტმა ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 9 სექტემბერს გაიხსნა.მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

კომენტარები