ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ანაკლიის კონსორციუმს

მაია ცქიტიშვილი
commersant

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. ცქიტიშვილის თქმით, პროექტს შესრულების პრობლემები აქვს და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს კონსორციუმს პრობლემების გადალახვაში. 

"ეს პროექტი (ანაკლიის პორტი) ჩვენთვის ნამდვილად პრიორიტეტულია, თუმცა როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, სამწუხაროდ პროექტს აქვს გარკვეული პრობლემები მის შესრულებაში. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პრობლემების გადალახვაში."— განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს, სახელმწიფოს მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს. "ჩვენი მხრიდან ვიტყოდი, რომ ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ პროექტს, რომელსაც ქონდა უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე ანაკლიის პროექტს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფომ გაითვალისწინა კონსორციუმის ყველა თხოვნა  და ამ დროისთვის სახელმწიფო ამერიკული კონტი ჯგუფის შემცვლელის მოლოდინშია. 

"დღეს სამწუხაროდ, ველოდებით კონსორციუმისგან ინფორმაციას თუ ვინ ჩაანაცვლებს კონტი ჯგუფს და ვინ იქნება პროექტის სტრატეგიული ინვესტორი. მოგეხსენებათ, რომ ამერიკული კონტი ჯგუფი პროექტიდან გავიდა. ჩვენ ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც კონტი ჯგუფს უფრო აქტიური ჩართულობის თხოვნით მივმართეთ. ჩვენ მედიით, ასევე მოვისმინეთ, კონსორციუმის ქართველი დამფუძნებლებისგან, რომ მათ აქვთ მოლაპარაკაბები ამერიკულ და ბრიტანულ ფონდებთან და გვაქვს იმედი, რომ შესაფერისი დონის, გამოცდილებისა და ფინანსური შესაძლებლობის კომპანია შემოვა. სტრატეგიული პარტნიორის გარეშე ამ პროექტის განხორცილება ვერ იქნება შესაძლებელი".

ცქიტიშვილი ამბობს, რომ კონსორციუმის თანხების მოძიებასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმებების წარდგენის ბოლო ვადა 15 ოქტომბერს ეწურება, ხოლო სრული თანხების მობილიზაციისთვის ანაკლიის კონსორციუმს ვადა მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.

"გარდა ამის ჩვენ 15 ოქტომბრისთვის გვაქვს ვადა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოგვაწოდოს წინასწარი შეთანხმებები ბანკებთან და ინვესტორებთან თანხების ჩადებაზე. ეს არის ერთგვარი წინასწარი თანხმობა ფულის ჩარიცხვაზე. ზოგადად თანხების მოძიების ვადა არის წლის ბოლომდე".

ცნობისთვის, ანაკლიის კონსორციუმის ქართველი დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, სახელმწიფო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. საქალაქო სასამართლომ თიბისის დამფუძნებლებს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმოებაში არ მიიღო. 

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფონზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს თანამდებობები როგორც თიბისი ბანკში, ასევე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

კომენტარები